მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ბევრმა ფრანგმა მოგზაურმა, ეთნოლოგმა თუ არქეოლოგმა იმოგზაურა და ამ მოგზაურობის ამსახველი მრავალფეროვანი ფოტომასალა დაგვიტოვა. დღეს ეს ფოტოები საფრანგეთის სხვადასხვა არქივებსა თუ ბიბლიოთეკებშია დაცული და ხშირად არა მხოლოდ ქართველი, არამედ ფრანგი მკვლევარებისთვისაც უცნობია.
9 დეკემბერს, ქ. პარიზში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიხსნება გამოფენა „თბილისი ფრანგ ფოტოგრაფთა ობიექტივში, მე-19 საუკუნის უცნობი კოლექციები“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი ფრანგი ფოტოგრაფის 30 ნამუშევარი, რომლებიც 1890-იანი წლების თბილისს ასახავს. პოლ ნადარისა (1856-1939) და პოლ ლანკრენონის (1857-1922) სახელები ცნობილია ფრანგულ ფოტოგრაფიაში და საქართველოში მათი მოგზაურობის შესახებ ცნობებიც არის დაცული. სამწუხაროდ, უცნობია მესამე ფოტოგრაფის ვინაობა, რომლის კოლექციაც ჩემი აზრით განსაკუთრებით საინტერესოა. აღნიშნული კოლექცია ინახება ფრანგი არქიტექტორის ჰენრი დენოს (1874-1969) არქივში.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის არქივებში დაცული საქართველოს ამსახველი ფოტოები საგამოფენო დარბაზში გამოიფინება და მას ფართო საზოგადოება იხილავს. გამოფენის მიზანია დამთვალიერებელს საშუალებას მისცეს გაეცნოს ფრანგი ფოტოგრაფების თვალით დანახულ მე-19 საუკუნის თბილისს, აჩვენოს ის წვლილი, რაც მათ შეიტანეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფოტო-ფიქსაციის საქმეში და წარმოაჩინოს ის ურთიერთობები, რაც ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს.
აღნიშნული ფოტოები ინახება საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობისა და არქიტექტურის მედიათეკაში.
გამოფენა გაგრძელდება 14 დეკემბრამდე.
გელით!
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire